ბორის ჯონსონმა გამორიცხა უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება და განაცხადა, რომ ეს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას ნიშნავს, რაც ნატო-ში არავის სურს
გზავნილი, რომელიც პუტინს შეუძლია, მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის მოსახლეობასთან ერთად, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 1 000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირს და სუბიექტს ამ დრომდე ყველაზე მკაცრი სანქციებით, რაც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე დაუწესებია.
„დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას მისი მოძალადე მეზობლის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს – და ის დამარცხდება“, – თქვა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება, რაც, მისივე თქმით, ნიშნავს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, ამის გაკეთება კი, როგორც ჯონსონი აცხადებს, ნატო-ში არავის სურს. ბორის ჯონსონის განცხადებით, სიმპატიები აქვს რუსი ხალხის მიმართ, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ.
„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ რასაც პუტინი აკეთებს არის სრულიად კატასტროფული, მისი შეჭრა უკრაინაში არის არაადამიანური და ბარბაროსული. ეს არის ქცევა, რომელიც არ გვინახავს ევროპის კონტინენტზე 80 წლის განმავლობაში”,- აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.