ბორის ჯონსონი - ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები
ბორის ჯონსონი - ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები

ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დასკვნები, სადაც ზუსტად 23 პუნქტში ნათქვამია – „ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები (უკრაინა და საქართველო) გახდებიან ნატო-ს წევრები“. ყველაფერი, რაც უკრაინელებმა მიიღეს ამ კვირაში, იყო „მიწვევა“ ნატო-ში გაწევრიანებისთვის, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და როცა პირობები დაკმაყოფილდება. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაუჭირდა იმედგაცრუების დამალვა“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ლიდერები უფრო ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში, უნდა ეჩვენებინათ, რომ არ აშინებთ რუსეთი.

„ნატო-ს ლიდერებს ამ კვირაში უნდა გამოეხატათ კოლექტიური პატივისცემა და მადლიერება უკრაინის გმირული წინააღმდეგობისთვის ბრძოლაში, რომელშიც ნატო-ს არცერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა ან დაღუპულა. ნატო-ს ქვეყნებში ვიცით და მუდმივად ვამბობთ, რომ უკრაინელები ჩვენთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა არის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ყველგან – აღმოსავლეთ ევროპისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, რომლებიც შეიძლება, დაიჩაგრონ ან რომლებშიც შეიძლება, შეიჭრას მეზობელი ქვეყანა. ნატო-ს ლიდერებს ევალებოდათ, გამოეცხადებინათ რწმენა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპის, ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის მიმართ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მისივე თქმით, არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინამ, რათა ეჩვენებინა მზადყოფნა ნატო-ს წევრობისთვის.

„ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ სიტყვები იმის შესახებ, რომ გაწევრიანების პროცესი შეიძლება, დაიწყოს ომის დასრულებისთანავე, იმ გაგებით, რომ ეს შეიძლება, იყოს უკვე მომავალ წელს. ეს იქნებოდა სწორი გზავნილი მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა იბრძვიან თავიანთი სიცოცხლისთვის. ეს იქნებოდა სწორი გზავნილი პუტინისთვის. ეს იყო ის, რაც ნატო-ს უნდა ეთქვა ამ კვირაში ლიეტუვის დედაქალაქში. და რა მივიღეთ ამის ნაცვლად? პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება, დასრულდეს“, – განაცხადა ჯონსონმა.