ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თემთა პალატაში კომიტეტის შეხვედრის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
კანონმდებლებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა, რომ საბოლოო შედეგი არა მხოლოდ უკრაინიდან რუსების გასვლა, არამედ კრემლიდან პუტინის წასვლაა, რაზეც ბორის ჯონსონმა განაცხადა:
„სრულიად გასაგებია, რომ ეს არ არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მივისწრაფვით დახმარებისკენ, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ისინი სრულიად ბარბაროსული და უსაფუძვლო ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ჯონსონმა.
პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე უნდა მკაცრდებოდეს, ვიდრე უკრაინას რუსული ძალები სრულად არ დატოვებენ.
„მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ დიდი შვიდეულისგან სანქციების მარტივად მოხსნას მოელით, რადგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება მოქნილი პროგრამით, ვიდრე მისი ჯარი უკრაინიდან არ გავა“, – განაცხადა ჯონსონმა.