ბორის ჯონსონი - სკრიპალის მოწამვლა პუტინმა არჩევნების წინ შეუკვეთა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლა წინასაარჩევნოდ შეუკვეთა.
„როგორც ბევრ არადემოკრატიულ ფიგურას ახასიათებს, ეს იყო რუსეთის ელექტორატის მოხიბვლის მცდელობა“, – აცხადებს ჯონსონი.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის ჯაჭვი კრემლამდე, კონკრეტულად კი პუტინამდე მიდის. როგორც ჯონსონი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თავდასხმას რუსული კვალი აშკარად ეტყობა.
ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება იყო გზავნილი, რომ ვერავინ გაექცევა პუტინის რეჟიმს.
მინისტრმა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ეცდება მსოფლიო ჩემპიონატი ჰიტლერის მსგავსად, საკუთარი იმიჯის ასამაღლებლად გამოიყენოს.
„რა მოხდება რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე? დიახ მე ვფიქრობ, რომ 1936 წელთან შედარება ზუსტი იქნებოდა“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა.