ბორის ჯონსონი - საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი თავდაპირველად უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა
საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი თავდაპირველად უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჯონსონის თქმით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი შეჭრის დაწყებამდე დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
ჯონსონმა ასევე გააკრიტიკა იტალიის თავდაპირველი პასუხი შეჭრის საფრთხეზე. ბორის ჯონსონის განცხადებით, მარიო დრაგის მთავრობა პირველ ეტაპზე ამბობდა, რომ ვერ შეძლებდნენ ბრიტანეთის პოზიციის მხარდაჭერას, რადგან ისინი დიდწილად დამოკიდებული არიან რუსულ ნახშირწყალბადებზე.
„ეს იყო დიდი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ასე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.