ბორის ჯონსონი - რუსეთი როგორც კი შემოიჭრება უკრაინაში, სანქციები მაშინვე შევა ძალაში
რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინიდან იუწყება.
როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთს მზად აქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში.
„როცა აქ ვდგავართ, ასი ათასი რუსი სამხედრო მობილიზებულია უკრაინის საზღვართან. რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი დღეს დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას.
„უკრაინელ ხალხს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, გადამწყვეტია, რომ რუსეთმა აირჩიოს დიპლომატია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც კი რუსეთი შემოიჭრება უკრაინაში, სანქციები მაშინვე შევა ძალაში. სანქციები მზად არის. იმედი მაქვს, პუტინი უკან დაიხევს და აირჩევს დიპლომატიის გზას“, – განაცხადა ჯონსონმა.