ბორის ჯონსონი - როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და ნებისმიერი სამომავლო თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმარება
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ვიდრე ჩვენ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, ამ დროს არაჩვეულებრივი ევროპელი ერი მტრის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ გადარჩენისთვის იბრძვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შანსი, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გმირ უკრაინელ ხალხს დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა აქვს. ისინი არაფერს ითხოვენ გარდა იმისა, რომ საკუთარ მიწაზე მშვიდად და თავისუფლად იცხოვრონ, რისი უფლებაც ყველა ქვეყანას აქვს. ვისაც ამის სჯერა და თავისთვისაც იგივე სურს, ვალდებულებას იზიარებენ, რომ იდგნენ უკრაინის გვერდით პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
75 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო. ისინი საპასუხოდ დაუღალავი სიძლიერითა და სიმამაცით იბრძვიან. იგერიებენ რუსების შეტევებს კიევზე და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ არც ერთი რაოდენობის სამხედრო ძალას არ შეუძლია აჯობოს ადამიანებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ თავისუფლები იყვნენ. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში ვამაყობთ, რომ ომის დაწყებისთანავე მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით, ვაძლევთ მათ ჯაველინებსა და სხვადასხვა ტექნიკას, რაც რუსული ტანკებისგან, საჰაერო თავდასხმებისგან, საზღვაო იერიშებისგან თავის დასაცავად სჭირდებათ.
პუტინის ომი ჩვენ დავგმეთ გაერო-შიც და ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმზეც. როდესაც ეს ტანჯვა დასრულდება, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის აღდგენასა და ნებისმიერი სამომავლო თავდასხმისგან თავის დაცვაში დაეხმარება.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არასდროს ვყოფილვარ უფრო მეტად დარწმუნებული, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, სუვერენული და კვლავ აღდგება. დიდი ბრიტანეთი იმდენი ხანი იქნება თქვენ გვერდით, რამდენიც ამის საჭიროება იქნება. მადლობა და დიდება უკრაინას“, – ამბობს ბორის ჯონსონი.