ბორის ჯონსონი - პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა, „ვაგნერელებისადმი“ აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ „ნათლიის“ ფურცლებიდან აქვს აღებული, ის ჩვენს თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად
ბორის ჯონსონი - პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა, „ვაგნერელებისადმი“ აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ „ნათლიის“ ფურცლებიდან აქვს აღებული, ის ჩვენს თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად

ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „დეილი მეილისთვის“ დაწერა.

„პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და გარდაცვლილი „ვაგნერელებისადმი“ მისი აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ უბრალოდ „ნათლიის“ ფურცლებიდან აქვს აღებული. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ რჩეულს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი, ტკბება თავისი დაუნდობლობით“, – წერს ჯონსონი.

ჯონსონი განმარტავს, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ღია სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში.

„პუტინი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება კატასტროფა დემოკრატიისთვის მსოფლიოში. პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება არგუმენტი ყველასთვის, ვინც ამბობს, რომ დასავლეთს არ შეიძლება, დაეყრდნო და ის არ იქნება შენ გვერდით ბოლომდე“, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ჯონსონი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა იფიქრონ პუტინის ბედზე, არამედ გააგრძელონ იმ სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლის დაპყრობაც რუსეთის პრეზიდენტს აქვს გადაწყვეტილი.