ბორის ჯონსონი - პუტინი ვერასდროს ჩამოირეცხავს უკრაინის სისხლს ხელებიდან, დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების უდიდეს და უმკაცრეს პაკეტს, რაც კი რუსეთს ოდესმე უნახავს
პუტინი ვერასდროს ჩამოირეცხავს უკრაინის სისხლს ხელებიდან. ახლა ჩვენ ვხედავთ მას ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია: სისხლიანი აგრესორი, რომელსაც სჯერა იმპერიალისტური დაპყრობების, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების უდიდეს და უმკაცრეს პაკეტს, რაც კი რუსეთს ოდესმე უნახავს.
„ამაყი ვარ, რომ ბრიტანეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ დახმარებოდა უკრაინას, მომზადებოდა ამ შეტევისთვის. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ შევთავაზოთ მეტი დახმარება ჩვენს მამაც მეგობრებს, რომლებიც თავიანთ სამშობლოს იცავენ. დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების უდიდეს და უმკაცრეს პაკეტს, რაც კი რუსეთს ოდესმე უნახავს. ახალი ფინანსური ზომებით ჩვენ ვიღებთ ახლა უფლებამოსილებას რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. ჩვენ ლიმიტს დავაწესებთ ფულადი თანხის ოდენობაზე, რომლის განთავსებაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ ბანკებში შეუძლიათ. სანქციები ასევე დაუწესდება ბელარუსს უკრაინაზე თავდასხმაში მისი როლისთვის. ჯამში, ჩვენ გავყინავთ 100-ზე მეტ ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიშებს. დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოში ჩვენ შევქმნით „კლეპტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებას“, რომელიც აღკვეთს სანქციების გვერდის ავლას და გამოავლენს ბრიტანეთში დამალულ რუსულ აქტივებს, რაც ნიშნავს, რომ ლონდონში ოლიგარქები ვერსად დაიმალებიან.
ჩვენ გავაგრძელებთ უმოწყალო მისიას გლობალური ეკონომიკური მარკეტიდან რუსეთის ეტაპობრივად განდევნისთვის. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ბრიტანეთის პოზიციას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რომ დავგმოთ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა. ჩვენ შევეწინააღმდეგებით კრემლის სიცრუისა და დეზინფორმაციის ქარიშხალს სიმართლის თქმით პუტინის ომის არჩევანზე და აგრესიის ომზე.
ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთ სხვა ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები და შესაძლოა, გახდნენ პუტინის ძირისგამომხთრელი საქმიანობისა დ ააგრესიის გეგმის სამიზნეები. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სირთულეებისთვის. ჩვენ დავდგებით ეკონომიკური ტკივილის წინაშე ევროპის რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებისა და რუსი ხალხისგან მოპარული ფულისგან ჩვენი ინსტიტუტების გასუფთავების პროცესში. თუმცა ბრიტანული საზოგადოება ყოველთვის მზად იყო, წასულიყო მსხვერპლზე ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიის დასაცავად და ჩვენ კვლავაც გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა ჯონსონმა.