დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის მხარდამჭერი კამპანიის დროს ამომრჩეველთა მოტყუების ბრალდებით, სასამართლოს წინაშე წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს“.
ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტად განიხილება.
საქმის წინასწარი მოსმენა ლონდონში ვესტმინსტერის მაგისტრატის სასამართლოში გაიმართება. კერძო სარჩელი ბორის ჯონსონის წინააღმდეგ აქტივისტმა, მარკუს ბოლმა შეიტანა, რომელმაც საქმის სასამართლო წარმოებისთვის სოციალურ ქსელებში წარმოებული კამპანიით 200 ათასი ფუნტი შეაგროვა.
საქმე ეხება 2016 წლის რეფერენდუმის წინ, ბრექსიტის მხარდამჭერი კამპანიის დროს ბორის ჯონსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. აგიტაციისას ჯონსონი ამბობდა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის წევრობა ყოველწლიურად 350 მილიონი ფუნტი უჯდება. ეს განცხადება ბრექსიტის მომხრეთა კამპანიის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გახდა, აღნიშნული ციფრი სააგიტაციო ავტობუსს დააწერეს.
სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონმა რეფერენდუმის წინ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, მის წინააღმდეგ სასამართლო საქმეს პოლიტიკური მიზანი აქვს.