ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით ემუქრებოდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით ემუქრებოდა.
როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, პუტინი მას უკრაინში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა.
„რაღაც მომენტში ის დამემუქრა და მითხრა: „ბორის, მე არ მინდა, ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ეს სულ რაღაც ერთ წუთს წაიღებს“, ან რაღაც ამის მსგავსი“, – განაცხადა ჯონსონმა „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმში, რომლის სრული ვერსიაც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჯონსონსა და პუტინს შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შარშან თებერვალში შედგა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომი კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა, რასაც, ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მუქარა მოჰყვა.
„პუტინის ძალიან მშვიდი ტონით თუ ვიმსჯელებთ, ის, უბრალოდ, ცდილობდა, თავი წარმოეჩინა, თითქოსდა აჰყვა ჩემს მცდელობას, მოლაპარაკებებზე დამეთანხმებინა“, – ამბობს ჯონსონი.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მან უთხრა პუტინს, რომ „უკრაინა უახლოეს მომავალში არ გახდებოდა ნატო-ს წევრი“, ასევე გააფრთხილა, რომ „უკრაინაში ნებისმიერი შეჭრა გამოიწვევდა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას“.