ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობა საკმარისი იქნებოდა, რათა დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში ომი არ დაეწყო
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობა საკმარისი იქნებოდა, რათა დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არ დაეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ კრემლის პერსპექტივიდან, არსებობდა რეალური რისკი იმისა, რომ ტრამპს ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმა შეერთებული შტატებისა და მსოფლიო წესრიგის შეურაცხყოფად განემარტა და მკაცრი ზომებისთვის მიემართა.
როგორც მედია წერს, ტრამპი ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მოხდა მაშინ, როდესაც ის არ იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯონსონიც ფიქრობს, რომ ეს შემთხვევითი არ არის.
„ტრამპის ერთ-ერთი ღირსება მისი სრული არაპროგნოზირებადობაა. მან 60 რუსი ჯაშუში გააძევა (სოლსბერის მოწამვლის შემდეგ). ის ბევრად უფრო მკაცრი იყო სირიის მიმართ, ვიდრე დემოკრატების ადმინისტრაცია. ის უფრო მკაცრი იყო IRGC- სთან მიმართებაში (ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი), შემდეგ კი უკრაინელებს ჯაველინის რაკეტები მისცა“, – განაცხადა ჯონსონმა,
მისივე თქმით, უკრაინას ტრამპის არ უნდა ეშინოდეს.
„ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ უკრაინის ბრძოლა ეგზისტენციალურია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ევროპაში. თუ უკრაინა დამარცხდება, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა. ტრამპს ესმის ეს. არ მგონია, რომ მას სურდეს ისტორიაში დარჩენა, იმ ადამიანად, რომელმაც თავისი მეორე ვადა დაიწყოს არა იმით ,რომ ამერიკა გახდეს დიდებული ისევ , არამედ იმით რომ საბჭოთა კავშირი გახადოს დიდებული“, – აღნიშნა ჯონსონმა.