ბორის აკუნინი - ვლადემირ პუტინმა უნდა ილოცოს, რომ ალექსეი ნავალნი გადარჩეს
მწერალი ბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი) წერს, რომ ვლადემირ პუტინმა უნდა ილოცოს ალექსეი ნავალნის გადარჩენისთვის. ასე გამოეხმაურა ქართული წარმოშობის მწერალი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლას.
აკუნინის აზრით, თუ ნავალნი ვერ გადარჩება, იქნება „ბევრად უარესი“, ანა პოლიტკოსვკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ.
„ნოვო-ოგარევოს მცხოვრებმა უნდა ილოცოს, რომ ადამიანი, რომლის სახელის ხსენებისაც მას ყოველთვის ეშინოდა, გადარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება უარესი, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ. არაერთხელ მეკითხებოდნენ საჯაროდ და პირად საუბრებში, როგორ ვუჭერ მხარს ამ საშინელ ნავალნის, რომელიც ყველაფერს არასწორად აკეთებს (როგორც ვარიანტი: „ის კრემლის პროექტია!“). მე ყოველთვის ერთნაირად ვპასუხობდი: ალექსი ნავალნი თავისი რწმენისთვის ყოველდღიურად სიცოცხლეს რისკის წინაშე აყენებს. ეს კი ცხოვრებაა, რომელშიც მას დასაკარგი ბევრი რამ აქვს. გამაგრდი ალექსეი“, – წერს აკუნინი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
აღსანიშნავია, რომ ნოვო-ოგარევოში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია. მის გუნდში ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და ცუდად იგრძნო თავი, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა. ამჟამად, ნავალნი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.