ბონი ჯენკინსი - მოუთმენლად ველოდები, გავაჟღერო გზავნილი იმ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი ახორციელებს საქართველოში, მასზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო
ვიზიტის განმავლობაში შევხვდები ქართველ ლიდერებს, მოუთმენლად ველოდები, გავაჟღერო გზავნილი იმ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი ახორციელებს, – ამის შესახებ იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა.
მისი თქმით, ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები უაღრესად შემაშფოთებელი იყო.
„ვიზიტის განმავლობაში შევხვდები ქართველ ლიდერებს, რომ განვიხილოთ თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება, როგორიც არის საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო, თავდაცვა. შეხვედრების განმავლობაში მოუთმენლად ველოდები, რომ ვაშინგტონიდან გავაჟღერო გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა, ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, – აღნიშნა ჯენკინსმა.
ბონი ჯენკინსის განცხადებით, აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს.
„აშშ ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას იმ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩვენ ყველა უნდა ვიდგეთ ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, – განაცხადა ჯენკისნმა.