ბონი ჯენკინსი - ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით
მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა განუცხადა, რომელიც ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ახალი გამოწვევები გამოაჩინა, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიულ ბიოუსაფრთხოებასთან.
„აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და ეს მოითხოვს დაწესებულებების ერთობლივ გამოყენებას, ძლიერ ლაბორატორიულ ბიოუსაფრთხოებას და კიბერუსაფრთხოების პრაქტიკას ნებისმიერ საერთაშორისო ბიოლოგიური მეცნიერებების საზოგადოებასთან. მეტი ურთიერთგაზიარებით ჩვენ უნდა მოვახდინოთ საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირება ჩვენი კრიტიკული კვლევის ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მუშაობის მიმართულებით. ერთად დგომით, როგორც ახლა ვართ, ჩვენ ვიქნებით უკეთესად მომზადებულები შემდგომი პანდემიისთვის, შემდეგ პანდემიასთან გასამკლავებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო საგანგებო მდგომარეობებს შორის, რათა გავაძლიეროთ საერთაშორისო და ეროვნული შესაძლებლობები, ასევე ეროვნული კანონმდებლობები და სხვა ზომები, რომლებიც გვჭირდება, რომ ვიყოთ უკეთესად მომზადებულები ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევების აღმოჩენისთვის, მათზე პასუხისთვის და ბიოუსაფრთხოების დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ ეს დრო ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე ნდობის, გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად დაინტერესებულ წრეებს შორის. მათ შორის არის ბიომეცნიერებების საზოგადოებები“, – განაცხადა ბონი ჯენკინსმა.
მისი თქმით, ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს საქართველოს რიჩარდ ლუგარის ცენტრიდან. ეს ეროვნული დაწესებულება ერთ დღეში არ აშენებულა. ეს ითხოვდა წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ინვესტიციას, ერთგულებასა და ეტაპობრივ გაუმჯობესებას, რომ აღმოაჩინონ და უპასუხონ ცხოველური და ადამიანური დაავადებების აფეთქებებს. ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი და ინსტრუმენტი „კოვიდ-19“-თან საქართველოს ბრძოლაში. აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან მშვიდობიანი თანამშრომლობით. მე მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას. მაგალითად, საქართველო გახდა მსოფლიოს ლიდერი „ცე“ ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში. საქართველო არის რეგიონული ლიდერი „კოვიდ-19“-ის ტესტირებაში სწორედ ლუგარის ცენტრის დამსახურებით. ეროვნული კანონმდებლობისა და სხვა ზომების გაძლიერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობისთვის და ბიოუსაფრთხოება. ასევე, მხარს უჭერს ეროვნულ ვალდებულებას საერთაშორისო ნორმებისა და ვალდებულებების მიმართ. მაგალითად, ეროვნულ დონეზე ბიოლოგიური იარაღის კონვენციის განხორციელება ქვეყნებისგან მოითხოვს, უარი თქვან ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე. ქვეყნებმა ასევე უკეთესად უნდა ითანამშრომლონ ბიომეცნიერებების საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ბონი ჯენსკინსმა.