ბონდო მძინარაშვილი - ამწუთას ხალხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ ითხოვს, რასაც ოპოზიცია მოითხოვს
ამწუთას ხალხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ ითხოვს, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის, რასაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ, ხალხის ნება არის, რადგან ხალხს სურს, ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს, მაგრამ ხალხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ამწუთას, არ ითხოვს“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნა მუდმივად იყო, მაგრამ ახლა, მეორე ტურის შემდეგ დავინახეთ, რომ პოლიტიკური ძალა, რომლის კანდიდატსაც ხალხმა მხარი არ დაუჭირა და ვერ გაიმარჯვა, ულტიმატუმის ენით საუბრობს.
„ასეთ პირობებში, თუ მიზნის მიღწევა გსურს, ულტიმატუმის ენით საუბარი ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და საზოგადოების წარმომადგენლისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია. მანამდე სიძულვილის ენა იყო, ახლა, ულტიმატუმის ენაა, გინდა თუ არა, უნდა დამიჯდე და მელაპარაკოო, ეს კი არ შეიძლება“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ამ არჩევნებმა გამოაჩინა, რომ საარჩევნო გარემოც შესაცვლელია და პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობებში პოლიტიკური კულტურაა შემოსატანი, შეფასებებში კი – თავშეკავებულობა.
„ამ არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილისგან არც ერთი გადაბრუნებული და სალანძღავი სიტყვა არ მომისმენია. მის მიმართ კი ისეთი სიტყვები ისმოდა, მათ შორის, სააკაშვილისგან, რომ გაოგნებული ვიყავი, ეს ადამიანი ოდესღაც სახელმწიფოს მეთაური რომ იყო. ეს არ შეიძლება. მე დავინახე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აქაურ გარემოში გაზრდილი არ არის, ეს სიტყვები მიუღებელია და ადამიანების შეფასების დროს, ის ამ სიტყვებს არასოდეს გამოიყენებს. მე მას მხარს ამიტომაც ვუჭერდი“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.