ს. კორეა-გერმანია
27 ივნისი. ყაზანი. სტადიონი “ყაზან-არენა”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: გაიგერი (აშშ)
მექსიკა-შვედეთი
27 ივნისი. ეკატერინბურგი. სტადიონი “ეკატერინბურგი”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: პიტანა (არგენტინა)
F ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ სამხრეთ კორეასაც კი რჩება თეორიული შანსები მერვედფინალში მოსახვედრად. მექსიკა ცალი ფეხით პლეი ოფშია, მეორე საგზურისთვის კი, დიდი ალბათობით, გერმანია და შვედეთი იბრძოლებენ.
წინა ტურების მატჩები
შვედეთი-ს. კორეა 1:0
გოლი: 1:0 გრანკვისტი (65-პენ)
მექსიკა-გერმანია 1:0
გოლი: 1:0 ლოსანო (35)
ს. კორეა-მექსიკა 1:2
გოლები: 0:1 ველა (26-პენ), 0:2 ერნანდესი (66), 1:2 ჰეონ-მინ სონი (90+3)
გერმანია-შვედეთი 2:1
გოლები: 0:1 ტოივონენი (32), 1:1 როისი (48), 2:1 კროოსი (90+5)
ახალი ამბები
სამხრეთ კორეას ტრავმის გამო არ ეყოლება კაპიტანი სუნ-იუენ კი.
გერმანიას დააკლდება ჯერომ ბოატენგი, რომელმაც შვედეთთან წითელი ბარათი მიიღო. სამაგიეროდ, მწყობრში ჩადგა მატს ჰუმელსი.
ნახევარმცველი სებასტიან რუდი დამცავი ნიღბით ითამაშებს. მან შვედეთთან ცხვირი გაიტეხა.
მექსიკელთა მწვრთნელმა კარლოს ოსორიომ, შესაძლოა, გარკვეულ როტაციას მიმართოს. აქვთ შანსი, პირველად გამოჩნდნენ ძირითადში მარკო ფაბიანსა და ხესუს კორონას.
შვედეთის ნაკრებში ცვლილება არ იგეგმება.
ურთიერთშეხვედრები
სამიდან ორი მატჩი ერთმანეთის წინააღმდეგ გერმანიამ და სამხრეთ კორეამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაატარეს. ორივე გერმანიამ მოიგო: 3:2 1994 წელს და 1:0 2002 წელს. 2004 წელს, კორეამ ამხანაგური მატჩი მოუგო გერმანიას.
შვედეთი და მექსიკა მეათედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა ცხრა მატჩიდან ერთი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: 1958 წელს, შვედეთმა 3:0 მოიგო. ბოლო ხუთი მატჩიდან შვედეთმა მხოლოდ ერთში გაიმარჯვა (+1=2-2).
საინტერესო ფაქტები
– ჰეონ მინ-სონმა მექსიკასთან მატჩში რვა დარტყმა შეასრულა.
– წინა ორ მატჩში სამხრეთ კორეის კარში ორი პენალტი დაინიშნა.
– კორეას მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს წაგებული.
– გერმანია არასოდეს ჩარჩენილა ჯგუფში.
– გერმანიას ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს მოგებული აზიურ გუნდებთან. ამ თამაშებში მან 19 გოლი გაიტანა და ბოლო სამ მატჩში “მშრალად” შეინახა კარი.
– გერმანიას ბოლო 17 მატჩში 15 მოგება აქვს (+15+1-1).
– ტონი კროოსმა ნაკრების ბოლო 5 მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა – სამი გოლი და 2 შედეგიანი პასი.
– ჯოშუა კიმიხს პირველ ორ მატჩში 22 ჩაწოდება ჰქონდა – ყველაზე მეტი მსოფლიოს ჩემპიონატზე.
– წინა ტურში ხავიერ ერნანდესმა 50-ე გოლი გაიტანა ნაკრებში. ამ გოლების 96 პროცენტი მას საჯარიმო მოედნიდან აქვს გატანილი.
– მექსიკას ჯგუფურ ეტაპზე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
– შვედეთს გერმანიასთან მატჩში ბურთის ფლობის 24 პროცენტი ჰქონდა, რაც პირადი ანტირეკორდია.
– შვედეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო, როცა პირველი იტანდა გოლს (+4=5-4).
რა თქვეს მწვრთნელებმა
იოახიმ ლიოვი (გერმანია):
“როცა მექსიკასთან წავაგეთ, ატმოსფერო არც ისე სახარბიელო იყო. ყველას ესმოდა, რომ ნული ქულა – უდიდესი ზეწოლა იყო. ახლა, შვედეთთან მატჩის შემდეგ, საყოველთაო აღფრთოვანებაა. ბოლო წამებზე გამარჯვების გოლის გატანა – დაუჯერებელი მომენტია. უმძიმეს სიტუაციაში ვიქნებოდით ერთი ქულით. მთავარია, რომ უკვე კონცენტრირებული ვართ კორეასთან მატჩზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირებზე ხდება ხოლმე ასე: მოიგებ და ეიფორია გრძელდება. 2014 წელს, პორტუგალიას 4:0 მოვუგეთ, იყო ეიფორია და შემდეგ, 2:2 განასთან”.
ტიე-ენ სინი (სამხრეთ კორეა):
“რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრები ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ბურთი მრგვალია, ასე რომ, ჩვენც გვექნება გოლის გატანის შანსი. შეუძლებელი არაფერია, მექსიკამაც ხომ მოახერხა მათი დამარცხება. ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მომენტამდე ჩვენთვის ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას გერმანიის ნაკრებზეც”.
ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა):
“შვედეთის ნაკრები – შესანიშნავი გუნდია. მათ ჰყავთ გრანკვისტი და სხვა კარგი ფეხბურთელები. შეკრული გუნდი, კარგი ნახევარმცველებით, რომლებიც მხარში უდგანან მცველებს. ამას ემატებიან შესანიშნავი ფორვარდები. შვედეთის ნაკრები – ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია, ამიტომაც რთული თამაში იქნება. ჩვენ ყველა შანსი გვაქვს, რომ ეს მატჩი მოვიგოთ. მათთვის, ვინც იცნობს მექსიკური ფეხბურთის ისტორიას – ეს მექსიკელი მოთამაშეების საუკეთესო თაობაა. ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ავაშენეთ. გაგვაჩნია სიმამაცე, მორალური ძალა. ვუჩვენეთ ყველას, რომ თანაბრად შეგვიძლია ვეთამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონებს. შვედეთთან მატჩში იქნება კიდევ ერთი შესანიშნავი შანსი – მორიგი ნაბიჯი გადავდგათ წინ”.
სავარაუდო შემადგენლობები
კორეა: ჰიუნ-ვუ ჩო – იონ ლი, ჰიუნ-სუ ჟანგი, იან-კვონ კიმი, მინ-ვუ კიმი – სე-იონ ჟუ, სეუნ-ვუ ლი – ჟა-სუნ ლი, სეონ-მინ მუნი – ჰი-ჩენ ჰვანი, ჰეონ-მინ სონი.
გერმანია: ნოიერი – კიმიხი, რიუდიგერი, ჰუმელსი, ჰექტორი – ხედირა, კროოსი – მიულერი, როისი, დრაქსლერი – ვერნერი.
მექსიკა: ოჩოა – ალვარესი, აიალა, მორენო, გალიარდო – ერერა, გუარდადო – ლაიუნი, ველა, ლოსანო – ერნანდესი.
შვედეთი: ოლსენი – ლუშტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი – ლარსონი, ეკდალი – კლაესონი, ფორსბერგი – ბერგი, ტოივონენი.