ბოლო მონაცემებით, ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე 350 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მუსონური წვიმებით გამოწვეულ სტიქიას სულ მცირე 350 ადამიანი ემსხვერპლა. 800 ათასი მოსახლე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ასობით პირი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
მასშტაბურმა წყალდიდობამ ათობით დასახლება დატბორა. დასახლების ნაწილში კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამაშველო სამსახურის ჯგუფები დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანამდე წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილ პირებს ჰუმანიტარულ დახმარებას ჰაერის საშუალებით აწვდიან.
სამაშველო ოპერაციებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ადგილობრივი მეთევზეებიც იღებენ მონაწილეობას. მათ დაზარალებულები უსაფრთხო ტერიტორიაზე საკუთარი ნავებით გადაჰყავთ.