ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში თანამედროვე სტანდარტებისა და შშმ პირთათვის ადაპტირებული 11 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტებისა და შშმ პირთათვის ადაპტირებული 11 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, ხოლო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის 38 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ საბავშვო ბაგა-ბაღებში 600-მდე ადამიანი დასაქმდა, აღსაზრდელებისთვის კი, 2 875 თავისუფალი ადგილი შეიქმნა.
„მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები თანამედროვე და კომფორტული იყოს, როგორც ეს განვითარებული ქვეყნების ქალაქებშია, თუმცა გვაქვს პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ბაღები საკმარისი რაოდენობის არ არის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ათზე მეტი საბავშვო ბაგა-ბაღი ავაშენეთ. აღსანიშნავია, რომ ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოთხოვნებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, მაქსიმალურად ვუპასუხოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა კალაძემ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების აღდგენა, ასევე, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად, მათი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებით აღჭურვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დაიწყო სახელოვნებო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მათი ახალი ინვენტარით, ინსტრუმენტებითა და უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის კულტურული პროგრამების ფარგლებში, დაიწყო მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტები – „თბილისის ცის ქვეშ“ და ფესტივალი „თბი ლისი“, ჩატარდა გრაფიტის ფესტივალი; ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის მთავარ პავილიონში „მაგნუმ ფოტოს“ კონცეპტუალური გამოფენა და თბილისზე სპეციალურად შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, სპორტული ცენტრების მშენებლობაზე ისაუბრა. კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი 1 200-ზე მეტ ბენეფიციარზეა გათვლილი და მოიცავს კრივის არენას, საჭიდაო მოედანს, დიდი და საშუალო ზომის საცურაო აუზებსა და სპორტულ დარბაზებს; დაფინანსდა ასევე, საქართველოს 33 ეროვნული ფედერაცია და 16 სპორტული ორგანიზაცია; საჭირო ინვენტარითა და სპორტსმენთა ეკიპირებით 34 სპორტული ფედერაცია და კლუბი აღიჭურვა; უკვე დასრულდა ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროექტებზე მუშაობა და სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
რაც შეეხება განათლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს, კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, 2000 სტუდენტი დაფინანსდა. ასევე, დაფინანსდა 85 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი, რომელშიც მონაწილეობა 30 000-მდე სტუდენტმა და ახალგაზრდამ მიიღო.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, გადამზადდა 1400-მდე სამსახურის მაძიებელი მოქალაქე და კერძო სექტორში დასაქმდა 800 ადამიანი; მოეწყო თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები, ლაშქრობები და საჯომარდო ტურები, სადაც მონაწილეობა 3000-მდე ახალგაზრდამ მიიღო; ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში 673 სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდა.