ბოლო ათ წელიწადში პირველად, ისრაელის თვითმფრინავი თურქეთში ჩაფრინდა
ბოლო ათ წელიწადში პირველად, ისრაელის თვითმფრინავი თურქეთში ჩაფრინდა. ისრაელის გამოცემა, „იერუსალემ პოსტი“ წერს, რომ თვითმფრინავი თურქეთიდან აშშ-ში კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ტვირთს წაიღებს.
სატვირთო თვითმფრინავად გადაკეთებული „დრიმლაინერი“ სტამბოლში დაეშვა და 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით დაიტვირთა. ნიუ-იორკში გაფრენამდე, თვითმფრინავი ჯერ თელ-ავივში ჩაფრინდება.
ისრაელსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2010 წელს, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე შეწყდა. მაშინ ღაზის სექტორისკენ მიმავალ თურქულ ხომალდ „მავი მარმარაზე“ ისრაელმა რეიდი მოაწყო. ინციდენტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.