ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს კურსი დოლარის კურსს გაუტოლდა
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს კურსი დოლარის კურსს გაუტოლდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროს გაუფასურებას იწვევს რეცესიის ალბათობა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია ენერგეტიკული კრიზისითა და „ევროპის ცენტრალური ბანკის“ განაკვეთების ზრდის კამპანიით. ეს ცვლა ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები და მომხმარებლები გადაიხდიან მეტს იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რომლის იმპორტს ახორციელებენ, მაშინ, როცა ევროპული ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე იაფდება.
უეცარმა შოკმა გამოიწვია რეკორდული ინფლაცია ევროზონაში, რომელმაც ივნისში 8.6 პროცენტი შეადგინა.
გერმანიაში რუსული გაზის ყველაზე დიდი მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო, სავარაუდოდ 10 დღის განმავლობაში შეჩერდება. მაგრამ მთავრობები და ბაზრები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, მილსადენის მუშაობის აღდგენის დრო გაახანგრძლივოს, გაამწვავოს ენერგეტიკული კრიზისი და ეკონომიკა რეცესიაში გადაიყვანოს. პარიტეტისკენ სვლამ გამოიწვია სპეკულაცია „ევროპის ცენტრალური ბანკის“ ინტერვენციის შესახებ, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, ბანკი ჩარევას არ გეგმავს. ერთიანი ვალუტის მხარდასაჭერად ბანკი ბოლოს 2000 წელს ჩაერია.