ბოლნისში მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე წლის 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც ერთიპირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.