დღეს საღამოს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსის ინფექცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტია, შესაბამისად, ამ პირის ინფექციის წყარო ცნობილია.
სოფელ ხატისსოფელში უკვე მესამე დღეა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელში ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რომლის თავდაპირველი ინფექციის წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მუშაობას.
ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 87 შემთხვევაა.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ამ დროისთვის საერთო ჯამში ხუთი პირია გამოჯანმრთელებული.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ბოლნისში 276-მდე გაიზარდა, 86 კი კარანტინში იმყოფება.