ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა.
ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა.
ამ ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სოფელ გეტაში ზომები 15 მაისიდან გამკაცრდა.
სოფელ მუშევანში ინფიცირებულთა რიცხვი, დღეს დადასტურებული ორი შემთხვევის გათვალისწინებით, უკვე 40-მდე გაიზარდა. ამ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 25 აპრილის შემდეგ მოქმედებს.
საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 156 პირის საკვლევი მასალა და სწორედ მათგან ექვს დაუდასტურდა „კოვიდ 19“. ამასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, ოთხ პირს კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება.
ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 677 შემთხვევა ფიქსირდება.