ბოლნისში კორონავირუსი დღეს კიდევ 12 პირს დაუდგინდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევები ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, შესაბამისად, ინფექციის წყარო ცნობილია. მათგან ათი სოფელი მუშევანს უკავშირდება, სადაც 25 აპრილს ზომები გამკაცრდა და სოფელში გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია.
დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან კიდევ ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა და ის მჭიდრო კონტაქტია სასწრაფოს დაინფიცირებული თანამშრომლის. კიდევ ერთი პირი კი, სოფელ სავანეთში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
საერთო ჯამში გაგზავნილი იყო 92 საკვლევი მასალა, რომლებიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და ასევე რისკ ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 107 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს.
ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ ერთს დღის განმავლობაში აუღებენ ბიოლოგიურ ნიმუშებს და ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში 99-მდე შემცირდა კარანტინში მყოფი პირთა რაოდენობა, ხოლო 182-მდე შემცირდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა.