ბოლნისიდან ლაბორატორიაში გუშინ 33 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა. დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
33 ანალიზიდან ორი ცხელების ცენტრში მყოფ პირთა, ხოლო 31 ქვემო ბოლნისის და მიმდებარე ოთხი სოფლიდან აღებული საკვლევი მასალა იყო.
ქვემო ბოლნისის დასახლებაში, სადაც პირველი აპრილის შემდეგ ზომებია გამკაცრებული, ადგილობრივების დასკვნითი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს და სწორედ ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგების რჩევა, მოიხსნას თუ არა დასახლებასთან დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი.
ქვემო ბოლნისის დასახლებაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 6 აპრილს გამოვლინდა და მას შემდეგ ორი საინკუბაციო პერიოდი გავიდა, რა დროსაც ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქვემო ბოლნისის დასახლებაში ექვსი დადასტურებული შემთხვევა დადგინდა. მათგან ორი გარდაიცვალა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა და საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
ასევე 24-მდე გაიზარდა ბოლნისში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 120 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.