ბოლნისში ბოლო 24 საათში გამოკვლეული 100-ზე მეტი ადამიანიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ამ დრომდე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 84-ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, აქედან 61 არის დადასტურებული ბოლნისში, 15 მარნეულში, ხოლო დანარჩენი რუსთავში.
„კოვიდ 19 ის დადასტურებული ფაქტი გვაქვს 84. ბოლნისში არის 61 ფაქტი, მარნეულში რჩება 15 და არ გაზრდილა ისევე როგორც რუსთავში, გვაქვს გამოჯანმრთელების 17 ფაქტი. რუსთავში ექვსი გამოჯანმრთელებული გვყავს, გვრჩება ორი, მარნეულში გამოჯანმრთელდა შვიდი ადამიანი და დაგვრჩა რვა ინფიცირებული“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
რეხვიაშვილის განმარტებით, ბოლნისში ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.
„რაც შეეხება ბოლნისს, აქ დიდი ტემპით მიმდინარეობს ტესტირებები. ამ მასშტაბიდან და იმ მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა და მოლოდინები იყო, მინიმალურია გამოვლენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავურჩით დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას.
ეს კლასტერები სადაც ჩნდება, ერთეული შემთხვევები არის დადგენილი და დადასტურებული, იმ ჯაჭვშია, რასაც ჩვენ მთლიანად,სრულად ვაკონტროლებთ“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა და დასძინა, რომ ბოლნისში ბოლო 24 საათში აღებული 100-ზე მეტი საკვლევი მასალიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთთან არის დადასტურებული.
„ბოლნისში ბოლო 24 საათში აღებულია 100-ზე მეტი საკვლევი მასალა, აქედან მხოლოდ ერთია დადასტურებული. ეს იყო სავანეთის ოჯახური კლასტერის ნათესავი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.