251 პირთან დაკავშირებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეს პირები ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, გაგზავნილია ბოლნისის ცენტრალური კლინიკის მედიკოსების, ასევე იმ კონტაქტების საკვლევი მასალა, რომელთაც გარკვეული კავშირი ჰქონდათ ბოლნისში ინფიცირებულ მოძღვართან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფიცირებულ თანამშრომლებთან და ასევე სამი პაციენტის ნიმუშები, რომლებიც ბოლნისის ცხელების ცენტრში იმყოფებიან.
რაც შეეხება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ ცხელების ცენტრში მყოფ პაციენტებს, კლინიკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხელების ცენტრში ცხრა პაციენტი იმყოფება. მათგან სამს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, სამის პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან, ხოლო 3 ადამიანს ბიოლოგიურ მასალას დღის ბოლომდე აუღებენ, რაზეც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.