ბოლნისში იდენტიფიცირებულია 14 ადამიანი, რომელთაც მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი
ბოლნისში ამ დროისთვის 14 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული, რომელთაც მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს დადგინდა კიდევ ოთხი კონტაქტი და საერთო ჯამში უკვე 14 არის იდენტიფიცირებული. 11 მარტს ისინიც იმყოფებოდნენ მარნეულში, სარიტუალო ღონისძიებაზე, სწორედ ამ ღონისძიებაზე იყო მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონიც, რომელიც მძიმე მდგომარეობით გუშინ თბილისში გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბოლნისში დადგენილი კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია და „კოვიდ-19“-სთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი ჯერ არც ერთ მათგანთან არ გამოვლენილა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი მოქმედებს.
ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.