ბოლნისის სიონის ტაძარში ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლნისის სიონის ტაძარში, სადაც ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ბოლნისის სიონის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ სულხანიშვილმა განუცხადა, სასულიერო პირები იზოლირებულები არიან. მისივე ინფორმაციით, ტაძარში ორ კვირაზე მეტია, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ტარდება.
„ჩვენ ისედაც კარანტინში ვართ და ლოცვებს მრევლის გარეშე ვატარებთ. ეკლესიაში მხოლოდ მღვდელმსახურები მოვდივართ. მრევლი ვერ ესწრება, რადგან ბოლნისი ორ კვირაზე მეტია, დაკეტილია. რაც შეეხება კითხვას, ინფიცირებულ სასულიერო პირს ჰქონდა თუ არა შეხება მრევლთან, ეს არ ვიცი. სხვა ეკლესიაშიც ჩაატარა წირვა ლოცვა, სხვაგანაც ილოცა. მეც დღეს გავიგე ეს სამწუხარო ამბავი. ღმერთმა ყველას ტკბილად გაუთენოს აღდგომა. შევწუხდით ეს ამბავი რომ გავიგეთ, მაგრამ რა ვქნათ. იზოლირებულები ვართ, შიგნით ვართ ტაძარში, ვლოცულობთ, ვადიდებთ ღმერთს“, – განაცხადა დეკანოზმა ბესარიონ სულხანიშვილმა.