ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებს სურსათი დაურიგდებათ
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებს სურსათი დაურიგდებათ.
სასურსათო პაკეტების გადაცემა დღეიდან დაიწყო. 70-ლარიანი სასურსათო პაკეტი 1 300-მდე ოჯახს გადაეცემა.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დროებით დაიხურა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში პატარებზე ზრუნვა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი თვის საკვები ჩვენი ბაღების აღსაზრდელებისთვის დაგვერიგებინა და 1 300 აღსაზრდელია ამ 12 ბაღში, სასურსათო პაკეტი არის კვერცხი, შაქარი ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ზეთი. ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქტები. 70 ლარის ღირებულებისაა თითო პაკეტი და ყველა ბავშვს სახლში მივუტანთ“, განაცხადა ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების დირექტორის ინფორმაციით, სასურსათო პაკეტების შეძენისთვის 90 ათას ლარამდე დაიხარჯა.
„დღეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანია ადამიანებმა იგრძნონ თანაგრძნობა და თანადგომა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაწესებულებამ მოახერხა შეესყიდა ბაღებში რეგისტრირებული ბავშვებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის სასურსათო პაკეტები დაახლოებით 90 000 ლარის ფარგლებში. ერთ ბავშვზე 70 ლარის ღირებულების. დღეიდან დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება ყველა საბავშვო ბაღში პროდუქტების შემოტანა, რაც შემდგომ ეტაპობრივად გაიცემა ყველა აღსაზრდელზე და მივაწოდებთ ოჯახებში ამ პროდუქტებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების დირექტორმა ლელა გოგმაჩაძემ.