ბოლნისის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
მეორე დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მეურნეობის სპეციალური ტექნიკით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დეზინფექცია შვიდ სოფელს ჩაუტარდა, მათ შორის ფარიზს, დაბა თამარისს, ცურტავს, ნახიდურს, ხიდისყურს, მუხანაბალახაურსა და ჭაპალას.
„ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ერთი მესამედი, ვფიქრობთ, რომ მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში სრულიად იქნება დასრულებული სადეზინფექციო სამუშაოები“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
მერიის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სურსათის მარაგების მიმართულებით.
„ვმუშაობთ მუნიციპალიტეტის სასურსათო მაღაზიების მომარაგებაზე, არანაირი დეფიციტი არ არსებობს, პირველადი მოხმარების პროდუქტებით მაღაზიები არის დაკმაყოფილებული. ერთ-ერთ საბითუმო ქსელში 25 ტონა ფქვილი შემოვა, ხვალ ველოდებით წიწიბურას, მაკარონს და სხვა პროდუქტებს. ქსელში სურსათი გვაქვს, მოსახლეობას არა აქვს არანაირი საფუძველი, რომ პროდუქტებზე პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა მერმა.