ბოლნისის მუნიციპალიტეტი 130-მდე პირმა დატოვა, ისინი კარანტინში გადაიყვანეს
ბოლნისიდან მოქალაქეების გაყვანის მორიგი ეტაპი განხორციელდა. დღეს, საერთო ჯამში, 130-მდე პირმა დატოვა მუნიციპალიტეტი.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა არიან ის პირები, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულები და ტერიტორიაზე მას შემდეგ ჩარჩნენ, რაც მუნიციპალიტეტი მკაცრ საკრანტინო ზონად გამოცხადდა. ასევე, მათ შორის არის რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც თბილისში აქვთ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და დედაქალაქში არიან დასაქმებული.
მოქალაქეთა ნაწილმა მუნიციპალიტეტი საკუთარი ავტომანქანით დატოვა, ნაწილი კი სპეციალური ავტობუსებით გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ყველა მათგანი სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო ზონაში გადავა.
ტერიტორიიდან გაყვანის პროცესს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ამ დროისთვის, საერთო ჯამში, უკვე 330-მდე მოქალაქემ დატოვა ბოლნისი მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.