ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 95 პირის ნიმუშია გადაგზავნილი, პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი
ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 95 საკვლევი მასალაა გადაგზავნილი და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
რეხვიაშვილის განმარტებით, გუშინ ბოლნისში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.
„გუშინ ჩვენ გვქონდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა ბოლნისში. ეს იყო სამედიცინო კლასტერიდან. ოჯახებიდან, სადაც ინფექცია დადასტურებულია და გაგრძელდა ოჯახის ერთ წევრთან. ასევე სავანეთის ოჯახურ კლასტერთან, ორ პიროვნებასთან, რომლებიც იყვნენ კარანტინში. ორივე შემთხვევაში კონტაქტები არ იყო, რადგან ზომებიც წინასწარ იყო მიღებული.
ბოლნისის ეპიდემიოლოგებს დაემატა სამი დამატებითი ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან. ჩვენ იქ განსაზღვრული გვყავს რისკ ჟგუფები და ეს არის 300 ადამიანი. გვიან ღამემდე შრომის შედეგად, 95 საკვლევი მასალაა გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით იქედან პასუხებს.
გარდაბნიდან, რუსთავიდან იყო საკვლევი მასალა და უარყოფითია. რუსთავში, მარნეულში და სხვა მუნიციპალიტეტებში ვინარჩუნებთ სტაბილურად მდგომარეობას. გამოჯანმრთელებული გვყავს 9 და ამ კვირის ბოლომდე გვეყოლება ბევრი გამოჯანმრთელებული“ , – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ქვემო ქართლში სულ ვირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული.
„52 არის ბოლნისში, 15 მარნეულში და 8 რუსთავში“ , – დასძინა შოთა რეხვიაშვილმა.