ბოგდან აურესკუ - ჯოზეფ ბორელს დღეს წარვუდგენთ იდეას, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას გულისხმობს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით ევროკავშირის გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, რომელმაც ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად 24-26 ივნისს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებულ ვიზიტებზეც ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, იქნება ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განხორციელებული ტური სამხრეთ კავკასიაში. 24, 25 და 26 ივნისს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტი იყო ჩემი ინიციატივის შედეგი, რომელიც მხარდაჭერილი იყო კიდევ ათი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გასული წლის ოქტომბერში და ეს გულისხმობდა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ევროკავშირი მეტად გავლენიანი, აქტიური და ჩართული „აღმოსავლეთ სამეზობლოს“ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში.
„აღმოსავლეთ სამეზობლოში“ ჩვენ შევხვდით ამ ქვეყნების ხელისუფლებებს და გავაცანით ევროკავშირის მკაფიო გზავნილი, რომ იქნება მეტად ჩართული და აქტიური გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაში, ასევე სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი ამ სახელმწიფოებში. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დამყარდეს მეტად მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის, ვისაუბრეთ დეკემბერში გასამართი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ვიზიტების შედეგად, რომელიც სამივე ქვეყნის ლიდერების მიერ იქნა მოწონებული, დაიბადა რამდენიმე იდეა, რომლებსაც საგარეო საქმეთა საბჭოსა და უმაღლეს წარმომადგენელს დღეს წარვუდგენთ. მათ შორისაა ევროკავშირის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის შესაქმნელად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის ზომების კონსოლიდაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით“ სარგებლობა. კიდევ ერთი იდეაა ამ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებითა და სწრაფი ტესტების საშუალებით. მაგალითად, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს, მის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონთან კავშირების გამყარებას“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა დაწყებამდე.