ბუქარესტი საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდას მხარს უჭერს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბუქარესტი საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდას უჭერს მხარს. ამის შესახებ ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააძლიეროს ორი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც აუცილებელია შავი ზღვის პაკეტის, ასევე უკრაინის კომპლექსური დახმარების პაკეტისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრული რეალიზაციისთვის“, – აცხადებს ბოგდან აურესკუ.
მისივე თქმით, ნატო-ს მეტი ინფორმაცია ესაჭიროება რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. აურესკუს განმარტებით, ამასთან ერთად, ალიანსმა უნდა დაუჭიროს მხარი პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ისინი უკეთ გაუმკლავდნენ ჰიბრიდულ საფრთხეებს.