„ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2,98 ლარს შეადგენს
2020 წლის 6 ივნისის შემდეგ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოებზე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა. პოზიტიური ტენდენციაა „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზეც, სადაც ეროვნული ვალუტა ივაჭრება. ამ დროისთვის, „ბლუმბერგზე“ დოლარი 2,98 თეთრი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მაქსიმალური კურსი 2021 წლის 28 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარი 3 ლარსა და 46 თეთრად იყიდებოდა.
2021 წლის ზაფხულიდან, პანდემიის გამო ჩაკეტილი ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი დეკემბრიდან გამოჩნდა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 10 თეთრს ჩამოსცდა.
სპეციალისტები ამერიკული ვალუტის მიმართ ლარის მიერ პოზიციების გამყარებას სამი ფაქტორით ხსნიან – ტურისტული სექტორის სწრაფი აღდგენა, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების გაზრდილი მაჩვენებელი.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 26,9 პროცენტით გაიზარდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 130 პროცენტით, ხოლო ფულადი გზავნილები – 14,9 პროცენტით.