„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თურქეთმა „ბრიქსში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თურქეთმა მსოფლიოს ეკონომიკურ ჯგუფ „ბრიქსში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.
სააგენტო წერს, რომ „ბრიქსში“ გაწევრიანებით თურქეთი მსოფლიოში გავლენის გაზრდას და განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებას ცდილობს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ დასავლეთი გეოპოლიტიკური ცენტრის პოზიციებს კარგავს და თურქეთი დაინტერესებულია მრავალპოლარული სამყაროს სხვადასხვა მოთამაშესთან ურთიერთობების განვითარებით.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ „ბრიქსის“ გაფართოების საკითხი, შესაძლოა, განიხილონ ამ ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც 22-24 სექტემბერს ყაზანში უნდა გაიმართოს.
„ბრიქსი“ 2006 წელს დაფუძნდა. მასში გაწევრიანებული არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. 2011 წელს ორგანიზაციას შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის პირველ იანვარს „ბრიქსის“ სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს „ბრიქსის“ თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.