„ბლუმბერგი“ - რუსეთი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს მაშინ, როდესაც უკრაინის წილი ბაზარზე 5%-მდე შემცირდა
„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს მაშინ, როდესაც უკრაინის წილი 5%-მდე შემცირდა.
როგორც გავლენიანი გამოცემა იუწყება, რუსეთის შიდაპოლიტიკური არეულობისა და ომის გამო შელახული საერთაშორისო იმიჯის ფონზე, კრემლისთვის მარცვლეული ზეგავლენის მთავარ ბერკეტად რჩება.
როგორც „ბლუმბერგი“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რუსეთი ამ სეზონზე ხორბლის უხვ მოსავალს ელოდება და მისი წილი ბაზარზე საგრძნობლად იმატებს.
„შედარებისთვის – უკრაინის წილი ბაზარზე, ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით, ორჯერ შემცირდა და 5%-ს შეადგენს. ამასთან ერთად, წარმოებას გრძელვადიანი პრობლემები აქვს, რაც დანაღმულ ველებსა და დარღვეულ მიწოდების ჯაჭვებს უკავშირდება“, – წერს „ბლუმბერგი“.
ამასთან, „ბლუმბერგი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზეწოლის გამო რუსეთის ბაზრიდან საერთაშორისო მოთამაშეების გასვლა გზას უხსნის რუსულ კომპანიებს.
„ეს ცვლილებები კი პოტენციურად გაუმარტივებს რუსულ კომპანიებს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის ექსპორტი განახორციელონ, ხოლო მოსკოვს ექნება შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ფასებზე“, – ნათქვამია სტატიაში.
ამ ფონზე, უკრაინა მოუწოდებს იმპორტიორებს, საეჭვო წარმოშობის მარცვლეული დააყადაღონ.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ თანხებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. თუმცა, „ბლუმბერგი“ ხაზს უსვამს მარცვლეულის ექსპორტის პოლიტიკურ მნიშვნელობას.
„რუსეთის მარცვლეულის მთავარი მყიდველები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები არიან, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისგან და გაერო-ში რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლისგან თავს იკავებენ“, – წერს „ბლუმბერგი“ სტატიაში.