„ბლუმბერგის“ ცნობით, მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მომავალი წლის სამხედრო დახმარების მიწოდება საფრთხის ქვეშ დგას
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინისთვის მომავალი წლის სამხედრო დახმარების მიწოდება საფრთხის ქვეშ დგას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამის მიზეზი უკრაინის ზოგიერთი მოკავშირის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემებია, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებს დაფინანსების გაზრდის სურვილი არ აქვთ.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა ცდილობს, დაარწმუნოს დასავლელი მოკავშირეები, შეასრულონ დაპირებები, რადგან 2022 წლის რუსეთის შეჭრიდან მესამე ზამთარი ახლოვდება. სტატიის თანახმად, რუსეთი სწრაფად აწარმოებს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას, ხოლო უკრაინა თავდასხმებისგან დასაცავად საჭირო აღჭურვილობას დროულად არ იღებს. როგორც „ბლუმბერგთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო ამბობს, ეს მიუთითებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სამხედრო საჭიროებებზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც უკრაინის მოკავშირეები ამას არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, 2025 წლისთვის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის დიდი ნაწილი დაკავშირებულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიღწეულ შეთანხმებასთან, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან სესხის სახით 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ქვეყნები ჯერ კიდევ განიხილავენ ამ შეთანხმების დეტალებს, ხოლო აშშ ეძებს გარანტიებს, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს.
როგორც ბლუმბერგი წერს, თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, უკრაინამ შეიძლება, ნაკლები თანხა მიიღოს.
სააგენტოს ცნობით, მაშინაც კი, თუ შეთანხმებას ხელი მოეწერება, 50 მილიარდი დოლარი არ იქნება საკმარისი უკრაინის საჭიროებების კიდევ ერთი წლით დასაკმაყოფილებლად და მოკავშირეები იძულებული გახდებიან, დამატებითი ფინანსური რესურსი მოიძიონ. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, შექმნილ ვითარებას ართულებს დაფინანსების ნაკლებობა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმია საბრძოლო საარტილერიო მასალით, რაკეტებითა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის კუთხით მოკავშირეების დახმარებაზეა დამოკიდებული.
უკრაინის მთავრობა 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტს მშპ-ს 19%-ის დონეზე პროგნოზირებს, რაც დაახლოებით 35 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აგვისტოში აღნიშნა, რომ ამ თანხის ნახევარზე მეტს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი გამოყოფს, მაგრამ დარჩება დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი, რომლის კომპენსირებაც სავარაუდოდ „დიდი შვიდეულის“ მიერ გამოყოფილი სესხების ხარჯზე უნდა მოხდეს. ამას გარდა, ღია რჩება სამხედრო დაფინანსების საკითხიც. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „დიდი შვიდეულის“ მიერ გამოყოფილი 50 მილიარდი დოლარი დაახლოებით იმავე თანხას წარმოადგენს, რაც აშშ-მა და ძირითადმა ევროპელმა მოკავშირეებმა 2023 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე გადასცეს უკრაინას, თუმცა ეს ციფრები შეიძლება, არ ასახავდეს მთელ სამხედრო დახმარებას, რადგან ზოგიერთი ქვეყანა არ ასაჯაროებს სრულ ინფორმაციას, ხოლო სხვა ვალდებულებები ჯერ არ არის შესრულებული.