„ბლუმბერგი“ - ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო
ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს უნგრეთის პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ. შესაბამისად, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა, სულ მცირე, 26 თებერვლამდე გადაიდო. სწორედ ამ დროს დაბრუნდებიან უნგრელი პარლამენტარები ზამთრის არდადეგებიდან.
ცნობისთვის, უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი არ დაუმტკიცებია.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა, პარლამენტში ამ საკითხის განხილვამდე, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთში ჩასვლა შესთავაზა. ამ პოზიციას დაეთანხმნენ უნგრეთის მმართველი პარტიის წევრი დეპუტატებიც.
თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისთვის უმჯობესია, თუ ის უნგრეთში მას შემდეგ ჩავა, რაც ამ ქვეყნის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაამტკიცებს.