„ბლუმბერგი“ - ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრას, აშშ-მ ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისი ევროპელი პარტნიორები გააფრთხილა, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე“, – აღნიშნავს სააგენტო.
ამავდროულად, კრემლთან დაახლოებული „ბლუმბერგის“ წყარო კი აცხადებს, რომ შეშფოთება უსაფუძვლოა, რადგან რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყებას არ აპირებს, მაგრამ ოფიციალური მოსკოვი აჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოსაყენებლად მზად არის.
მანამდე, 2 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარების კონცენტრირებას ახდენს.