„ბლუმბერგი“ - ნავთობკომპანია „შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა
„ბლუმბერგი“ - ნავთობკომპანია „შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა

ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია „შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. მანამდე, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანია რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას გააგრძელებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, „შელმა“ ნავთობი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია Trafigura-სგან შეიძინა და ერთ ბარელში გასაყიდ საბაზრო ფასზე 28,50 დოლარით ნაკლები გადაიხადა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შელი“ რუსეთისგან შესყიდვებს განაგრძობს თავისი კლიენტებისთვის მიწოდებების უზრუნველსაყოფად და რომ შეამცირებს შესყიდვებს, ალტერნატივის გაჩენასთან ერთად.

როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, მთავრობებს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა ამ დროისთვის არ აუკრძალავთ, რადგან ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა, ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. ნავთობკომპანია „შელის“ მიერ რუსული ნავთობის შეძენა შესაძლოა, ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის სიმბოლურ ნაბიჯად იქნას აღქმული, – წერს „ბლუმბერგი“.