„ბლუმბერგი“ - ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს
„ტესლას“ დამფუძნებელმა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
სტატიაში არ არის მითითებული, რა თანხა შესწირა მასკმა, თუმცა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“ წერს, რომ ეს სოლიდური თანხაა.
მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ მისცემდა თანხას.
ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის სპიკერმა, ჯეიმს სინგერმა განაცხადა, რომ მასკმა იცის, ტრამპი გაყიდის ამერიკას.
„მასკმა იცის, რომ ტრამპი გაყიდის ამერიკას, მდიდრებს შეუმცირებს გადასახადებს, ხოლო საშუალო ფენისთვის გადასახადებს 2 500 დოლარით გაზრდის. ჯო ბაიდენი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ებრძოდა მასკის მსგავს ადამიანებს და იბრძოდა საშუალო ფენისთვის, სწორედ ამიტომ გაიმარჯვებს ნოემბერში“, – განაცხადა სინგერმა.