„ბლუმბერგი“ - ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში საელჩოს მუშაობის განახლების შესაძლებლობას განიხილავს
ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში საელჩოს ხელახალ გახსნას განიხილავს, რაც „თალიბანის“ მთავრობის დიპლომატიურ აღიარებას ნიშნავს, – წერს „ბლუმბერგი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იტალიამ სპეცსამსახურების თანხლებით ქაბულში გაცნობითი ვიზიტი განახორციელა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ ავღანეთში ქვეყნის ელჩი ჩავიდა.
„ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. ძალიან რთულია გამოსავლის პოვნა, ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა ტაიანიმ ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის მსვლელობისას.
ამჟამად ავღანეთში არცერთი ევროპული საელჩო არ ფუნქციონირებს, თუმცა მუშაობას აგრძელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ავღანეთში ცალკეული წევრი ქვეყნების საელჩოების შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავღანეთი 2021 წელს მას შემდეგ დატოვეს, რაც ქვეყნის მთავრობაში „თალიბანი“ მოვიდა, რის გამოც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა და მოსახლეობის საგანგებო ევაკაუცია გახდა საჭირო.