„ბლუმბერგი“ - ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გასაცემად ემზადება, ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის პოზიცია ჯერ უცნობია
„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკომისია ემზადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გასაცემად.
როგორც სააგენტოსთან საუბარში ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რეკომენდაცია ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს და დოკუმენტში ასევე იქნება მოთხოვნა რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში რეფორმებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში.
ევროკომისიის რეკომენდაციაზე წლის ბოლოს იმსჯელებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. „ბლუმბერგთან“ საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის პოზიცია ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, მანამდე ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა ოქტომბრამდე 100%-ით ვერ შეასრულებს ევროკომისიის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას, მაგრამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაინც დაიწყება.