„ბლუმბერგი“ - ევროკავშირში სურთ, შემოდგომაზე საუდის არაბეთში უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია გაიმართოს, რომელსაც შესაძლოა, რუსეთიც დაესწროს
სააგენტო „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირში განიხილება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტის შემდეგ სამშვიდობო კონფერენცია შედგეს საუდის არაბეთში, რომელზეც რუსეთსაც მიიწვევენ.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამ თემაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში იმსჯელებენ.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ქვეყნის ლიდერს, დაესწრონ შვეიცარიაში ივნისში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს, თუმცა რუსეთი აქტიურად ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მეთაურთა დასწრებას.
ბრაზილია და ინდოეთი შვეიცარიაში, სავარაუდოდ, ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობის პირებს გააგზავნიან, ხოლო ჩინეთის სახელით ამ შეხვედრას მხოლოდ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელე დაესწრება.
ამასთან, როგორ „ბლუმბერგი“ იუწყება, ჩინეთი და ბრაზილია უკრაინის საკითხზე ალტერნატიული შეხვედრის გამართვის იდეით გამოდიან.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კიევში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი დაესწროს. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, წინაასაარჩვენო კამპანიის გამო ბაიდენი ამ სამიტს გამოტოვებს.