„ბლუმბერგი“ - ევროკავშირის წევრი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული ახალი სანქციების შერბილებას ცდილობს
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირის წევრი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული ახალი სანქციების შერბილებას ცდილობს.
როგორც „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც ჯერ მზადების პროცესშია და რომლებმაც უნდა შეუზღუდოს რუსეთს საშუალება, მესამე ქვეყნების დახმარებით გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს.
კერძოდ, სანქციებმა უნდა შეუშალოს ხელი რუსეთის ფედერაციას შუამავალი კომპანიების მეშვეობით ზოგიერთი პროდუქციის შეძენაში.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ექსპორტიორ კომპანიებს პროდუქციის მიწოდებამდე გარკვეული თანხის დეპოზიტზე შეტანა მოუწევთ. თუ ცნობილი გახდება, რომ პროდუქციის მიწოდება საბოლოოდ სანქციების დარღვევით ხდება, ამ თანხის, სულ მცირე, 50 პროცენტი უკრაინის მხარდამჭერ ფონდში უნდა გადაირიცხოს, ხოლო მიწოდების შესახებ კონტრაქტი გაუქმდეს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირის მსხვილ წევრ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ ასეთი ზომების კანონიერებაში და არ აქვთ იმედი, რომ მათი შესრულება შესაძლებელი იქნება. ისინი ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ სანქციები ევროპული კომპანიის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას შეამცირებს. „ბლუმბერგი“ წერს, რომ ამ ქვეყნებს სურთ, შეამცირონ იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა იმპორტზეც შეზღუდვების დაწესება იგეგმება.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს ევროკომისიამ დაასრულა მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე და ის განსახილველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაუგზავნა. ახალი პეკეტის ფარგლებში დაგეგმილია სასანქციო სიაში 120 ფიზიკური და იურიდიული პირის დამატება, ასევე, დამატებითი შეზღუდვების დაწესება ექსპორტსა და იმპორტზე, აგრეთვე, ზომები, რომლებიც დაკავშირებულია ნავთობის ფასის ზედა ზღვარსა და უკვე არსებული სანქციების გვერდის ავლასთან.
19 ნოემბერს სლოვაკეთმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს სანქციების ახალ პაკეტს, თუ ევროკავშირი რუსეთიდან ბირთვული საწვავის მიწოდების შეზღუდვის გეგმაზე უარს არ იტყვის.