„ბლუმბერგი“ - ერდოღანი აპირებს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე წარადგინოს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც მოიცავს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე წარადგინოს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული „სამშვიდობო გეგმა“.
ამის შესახებ Bloomberg-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს. სააგენტოს ინფორმაციით, ერდოღანის წინადადება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე.
მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი ასევე სთავაზობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის, სულ მცირე, 10 წლით გადადებას.
თურქეთის წინადადება აგრეთვე ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას აღმოსავლეთ დონბასში, სადაც რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს.
„ერდოღანის შეთავაზება ითვალისწინებს დამატებითი გარანტიის სახით ამ ზონაში საერთაშორისო ძალების განთავსებას და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების უზრუნველყოფას, როგორც კომპენსაციას ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, – აღნიშნავს „ბლუმბერგი“.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, თურქეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ უკრაინისთვის რთული იქნება ასეთი წინადადების მიღება, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს ყველაზე რეალისტური მიდგომაა.
„ისინი ცდილობენ, გადადონ დისკუსიები ოკუპირებული ტერიტორიების გრძელვადიან ბედზე და, პირველ რიგში, ფოკუსირდნენ სტაბილური ზავის უზრუნველყოფაზე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ „ერდოღანს იმედი აქვს, შეძლებს ზელენსკის დარწმუნებას, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდეს, რადგან მან ნახა დაზვერვის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ უკრაინამ, შეიძლება, გაცილებით მეტი ტერიტორია დაკარგოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება“.