„ბლუმბერგი“ - „დიდი შვიდეული“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ სანქციებს იმ ბანკების მიმართ, რომლებიც რუსეთს შეზღუდვებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან
„დიდი შვიდეული“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ სანქციების დაწესებას იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას იყენებენ.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს ისეთი ზომების გატარებას, რაც რუსეთს ხელს შეუშლის, მოქმედი შეზღუდვებისთვის თავის არიდებით გზით სამხედრო ტექნოლოგიების მიღება შეძლოს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემის, რომელიც SWIFT-ის რუსულ ანალოგს წარმოადგენს, გამოყენება, წინა წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა. ახლა ამ სისტემას 150 ბანკი იყენებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყაზახეთი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთის ბანკის ამ სისტემის გამოყენების სრულად აკრძალვის წინააღმდეგია. ისინი შიშობენ, რომ ასეთ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება კანონიერ ტრანზაქციებს და ეს გააფუჭებს ევროკავშირის ურთიერთობებს არაწევრ ქვეყნებთან.
„დიდი შვიდეული“ და ევროკავშირი ასევე განიხილავენ სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების ბაკებისთვის, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების თავიდან არიდებაში ეხმარებიან. ერთ-ერთი შეთავაზება ასევე გულისხმობს კომპანიების მიმართ მოთხოვნების გამკაცრებას, რათა მათ კონტრაგენტები უფრო დეტალურად შეამოწმონ. ასევე განიხილება ე.წ. შავ სიაში მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის დამატებაც.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრამდე იგეგმება, რომელიც ივნისში გაიმართება.